ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა

წელს, თბილისის წიგნის ბაზრობას მსოფლიო ლიტერატურის წამყვანი მოღვაწეები დაესწრებიან
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის (Tbilisi International Book Fair) გახსნას დაესწრება, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისის წიგნის მეოცე, საიუბილეო ფესტივალი 31 მაისი — 3 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" ორ პავილიონში ერთდროულად ჩატარდება — მეთერთმეტე და მეექვსე პავილიონში. მეექვსე პავილიონში საბავშვო, მეთერთმეტეში კი მხატვრული ლიტერატურა გამოიფინება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამა საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა გახსნა

წელს ფესტივალი გერმანულ ლიტერატურას ეძღვნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანული გამომცემლობები და თანამედროვე გერმანელი ავტორები — ულა ლენცი, ოლგა გრიაზნოვა და კატია პეტროვსკაია. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მწერლების მკითხველთან შეხვედრა.

ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია მეთერთმეტე პავილიონში 31 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. ფესტივალის სტუმრებისთვის წიგნის ბაზრობა ოთხი დღის განმავლობაში 11:00 საათიდან 20:00 საათამდე ღია იქნება.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალში 23 ქართველი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წარადგენენ ცალკეულ წიგნებს და მათგან ნაწყვეტებს წაიკითხავენ.

გარდა ამისა, ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი

მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამ" რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.