რით არის განპირობებული რეგიონებში უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი

„საქსტატის“ მეთოდოლოგიით თვითდასაქმებულები დასაქმებულად ითვლებიან, რეგიონებში კი, ცხადია, თვითდასაქმებულთა რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად, აღნიშნა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
Sputnik

„რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, უმუშევრობის დონე 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით შემცირდა კიდეც. მართალია, ეს მაჩვენებელი მიზერულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებულ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რომლებიც არცთუ მაღალი ტემპით იზრდება", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით.