ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

საამა ქართველმა გოგონამ საქართველოდან ევროპის პირველობაზე სამბოში მედლები მოიპოვეს
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების სამბისტებმა 12 მედალი მოიპოვეს ევროპის ჩემიონატზე, რომელიც 17-დან 20 მაისამდე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარეობდა.

ქართველი სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით წარმატებული შეჯიბრების მეორე დღე გამოდგა, როდესაც ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ) და დავით ლორიაშვილი (-100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვეს >>

ჩიდრაშვილის კარიერაში ათენის ფინალი რიგით მეექვსე გახდა კონტინენტურ პირველობებზე, აქედან ოთხი ქართველი სამბისტის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად ჩიდრაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში, დამატებითი მაჩვენებლების ხარჯზე ბულგარელ ბორისლავ იანაკოვს სძლია.

საქართველოს ნაკრების ყულაბას მეორე ოქრო დავით ლორიაშვილმა შემატა. ფინალში მან დამაჯერებლად დაამარცხა მოლდოველი დენის ტაჩი — 5:0. ევროპის ჩემპიონატზე ლორიაშვილის კარიერაში ეს ოქრო მესამე გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ორი უმაღლესი ჯილდოს გარდა ქართველმა სამბისტებმა შვიდი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასევე აღსანიშნავია სამი ჯილდო, რომელიც ქართველმა სამბისტმა ქალებმა მოიპოვეს. ნინო ოძელაშვილი (-72 კგ) და ირინა ლეონიძე (-80 კგ) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ელენე ქებაძემ (+80 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.

ამ შედეგმა ნაკრებს საქართველოს მეორე ადგილი მოუტანა საერთო გუნდურ ჩათვლაში, რომლის გამარჯვებული რუსეთის გუნდი გახდა. რუსი სამბისტების ანგარიშზეა 15 მედალი — 9 ოქროს, 2 ვერცხლის და 45 ბრინჯაოსი. მესამე ადგილზეა უკრაინა — 9 მედალი (2-2-5).