სოფელ ხაიშში მოსახლეობა ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები 3 ივნისს ხაიშში სრულიად სვანეთისა და სხვა რეგიონების საერთო სახალხო შეკრების გამართვას გეგმავენ
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ხაიშში ეკოლოგები ჩავიდნენ.

მედია: EBRD–მა ნენსკრაჰესის მშენებლობის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო

აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნას საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა წარმოადგენს. მათ შორის ხუდონჰესის, ნენსკრაჰესის, მესტიაჭალაჰესისა და სვანეთში დაგეგმილი სხვა ჰესების მშენებლობა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მინიჭებას და კუთვნილი მიწების სასწრაფოდ დარეგისტრირებას.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები 3 ივნისს ხაიშში სრულიად სვანეთისა და სხვა რეგიონების საერთო სახალხო შეკრების გამართვას გეგმავენ. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.

ახალი ჰესები საქართველოში: კატასტროფა თუ გამოსავალი

ადრე საქართველოს მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი — საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისათვის ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს.

ხუდონ ჰესის მშენებლობა 80–იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით შეჩერდა. ხუდონ ჰესის მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი. 

კომპანია Trans Electrica, რომლის ტექნიკური დირექტორია დავით მირცხულავა, ძირითადად მუშაობს ჰესების დაპროექტების, კვლევის და პროექტების ექსპლუატაციის სფეროში.  2009 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც კომპანიამ ხუდონ ჰესის პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური საფუძვლები მოამზადა.