თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისს ეწვევა, იუწყება РИА Новости ევროკომისიის ღონისძიებათა პროგრამაზე დაყრდნობით.
„პარასკევი, 25 მაისი — თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი თბილისში მონაწილეობს საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნაში“, — ნათქვამია პროგრამაში.
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ფინეთის პრეზიდენტი ეწვევა >>
წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წელი სრულდება — ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო ღონისძიებებზე ჩამოვლენ შვიდი ქვეყნის პრეზიდენტები და მაღალი რანგის 20 დელეგაცია.
26 მაისს საქართველოში 300-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
თავდაცვის სამინისტრო მოაწყობს შეიარაღების გამოფენას; საქართველოს ექვს ქალაქში, მათ შორის თბილისში ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
თბილისში ღონისძიებების ძირითადი ნაწილი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტო, 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. მათ შორისაა XX საუკუნის 20-იანი წლების თბილისური ბაზარი; აგროპროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა; თემატური დეკორაციები და მსახიობები და სხვ.
წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს >>
ამას გარდა, 26 მაისს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს ქართული დროშის ფერებში გაანათებენ; მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში, საქართველოსთან მეგობრობის ნიშნად, მემორიალურ დაფებს დაამონტაჟებენ, უმაღლეს სასწავლებლებში მოაწყობენ საქართველოს კუთხეებს, ხოლო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ქუჩა გაიხსნება.