თბილისი, 19 მაისი – Sputnik. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში პოლიციის განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე სამხედროს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა 18 მაისს მოხდა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან ქვეითად მოსიარულეს დიცის მკვიდრს, სამხედრო მოსამსახურე 23 წლის ვაჟა მინდიაშვილს დაეჯახა.
ავტომობილის შეჯახებით შედეგად მინდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.
ადგილობრივების განცხადებით, გზაზე მანქანები, მათ შორის პოლიციისაც, ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხე ექმნებათ.
მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.