საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

ეროვნული სამოსის დღის ფარგლებში კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები მოეწყობა, სადაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და საქართველოს სტუმარს საკუთარი ეროვნული კოსტიუმით შეუძლია მონაწილეობის მიღება.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ეროვნული სამოსის დღეს თბილისსა და საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში კოსტიუმირებული დღესასწაული გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან. კოსტიუმირებულ მსვლელობებში, ქართველების გარდა, ნებისმიერი ეროვნების ადამიანი საკუთარი ეროვნული კოსტიუმით შეძლებს მონაწილეობას.

„18 მაისს, დილით ჩოხებში გამოწყობილი ბაიკერები შემოივლიან თბილისის ქუჩებს, სამოსის დღეს დააანონსებენ და მოქალაქეებს ნაციონალური სამოსით ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული სამოსის დღე

თბილისში მთავარი ღონისძიებები განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება.

15:00 საათზე ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი გამოფენები გაიხსნება: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში – გამოფენა „ქართველ მეფეთა შესამოსელი“; ასევე ისტორიული სამოსი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ისტორიული ფოტოებიდან; ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა სამოსის თემატიკაზე; ნაციონალური სამოსის სახლის გამოფენა.

კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ მსვლელობაში, რომელიც 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე დაიწყება, ისტორიულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეული, საზოგადოების ცნობილი სახეები, „შავფაროსნები" და ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული სამოსის დღე: მსვლელობა თბილისის ქუჩებში

ღონისძიების სტუმრებისთვის დაუკრავს ჯგუფი „მუსიკალური ელარჯი“.

19:00 საათზე კი გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „სუხიშვილები“ (ახალი თაობა), ჯგუფი „ეგ არი”, ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი”, ოპერის სოლისტებისგან შემდგარი ჯგუფი „სულიკო”,  თორნიკე ყიფიანი, ბენდი Refresh, მარიამ აბდუშელიშვილი, ანსამბლი „ჩვენებურები” და „შავფაროსნები“.

ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად 2016 წელს აღინიშნა და მთელ ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. გასულ წელს საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ქართულმა დიასპორებმა და საელჩოებმა უცხოეთის 12 ქალაქში აღნიშნეს, მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, მოსკოვში, სტამბულში, კიევში.

ქართული ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებლების განცხადებით, ეროვნული სამოსის დღის დაწესება ხელს შეუწყობს ქართული რეწვის განვითარებას და ამ დარგის გადარჩენას, ამასთან, დააინტერესებს უცხოურ მასმედიას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ 18 მაისი მსოფლიო ტურისტულ კალენდარში ჩაინიშნოს და მეტი ტურისტი დააინტერესოს ჩვენი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით.

ეროვნული სამოსის დღე

ქართულ ეროვნულ სამოსს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, თავის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები, ე.წ. მზითვის წიგნები, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები…

ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ჩაცმულობას უწოდებდნენ სამოსს, სამოსელს, შესამოსელს, ტანცმას, ტან-ფეხს, ტანსამოსს, ტანსაცმელს, ჩასაცმელს, ჩასაცვამ-დასახურს, ტანთს, ტალავარს, ტარავალს, ლერექუს და სხვა.

მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაცმულობაში განსხვავებებისა, XVIII–XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართული კლასიკური სამოსის ზოგადი სახეობა – ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, და ქალის გრძელი კაბა, რომელსაც სარტყელი და ჩიხტი-კოპი ამშვენებს. ეს კოსტიუმი მთელ საქართველოში გავრცელდა (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეში).