„ჰოჰენფელსის“ ანალოგი - საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

2020 წლის შემდეგ ახალ ცენტრში მომზადებას მხოლოდ ქართველი ინსტრუქტორები ჩაატარებენ
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ვაზიანში გერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იმის შესახებ, რომ საქართველოში „ჰოჰენფელსის“ მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნებოდა, 2017 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. მშენებლობის დაწყებას წინ უსწრებდა 2016 წელს თბილისში უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლების ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე მაიკლ კარპენტერმა და თავდაცვის მინისტმა ლევან იზორიამ.

საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

„მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გენშტაბის ხელმძღვანელობის მიმართ, თითოეული თქვენგანის მიმართ, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ასახელეთ და მას როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ, ღირსეულ პარტნიორს დაუმკვიდრეთ მთელ მსოფლიოში სახელი. მე ვამაყობ თქვენით, ვამაყობ, როცა ვისმენ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან სიტყვებს, და ეს ბევრჯერ მოვისმინე დღეს ბატონი გენერლისგან (აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური კურტის სკაპაროტი), რომ თქვენ ხართ მსოფლიოში ერთ-ერთი გაბედული, მამაცი და შეუპოვარი მებრძოლები“, — მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა დაემთხვა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებას. პირველები ამ პროგრამაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროები ჩაერთვნენ. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა სამი წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერით ქართველი სამხედროების მომზადებას გულისხმობს.

იზორიასთან ერთად, საბრძოლო მომზადების ცენტრი საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.