თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ჰყავს ახალი ხელმძღვანელი — მიხეილ ხიდურელი, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებაზეა მიმართული. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იგივე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზეა მიმართული.
მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანადამფუძნებელია. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით. სხვადასხვა დროს მას კომპანიაში Saunders Group ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა, სტარტაპ კომპანიაში Drive Shift დირექტორის მოადგილე იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ამასთანავე, ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი იყო.
„აწარმოე საქართველოში“ — საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააგენტოა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერით არის დაკავებული. პროგრამის ფუნქციონირების დაწყებიდან მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორებში შეიქმნა 14 000 ახალი სამუშაო ადგილი და 870 მილიონი ლარის ღირებულების 5 333 ბიზნეს-პროექტი დაფინანსდა.