საქართველოს პრეზიდენტი: მადლობას ვუხდი პატრულს

რუსთაველის გამზირზე პოლიცია კონტრაქციის წევრებს „კლუბური აქციის" მონაწილეებთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდა. კერძოდ, აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფებების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მადლობას ვუხდი პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე შექმნილ ვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კონფერენციაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში". კონფერენცია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ამ წუთებში სასტუმრო „რუმსში" მიმდინარეობს.

თბილისში ღამე მშვიდობიანი იყო: დედაქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით სპროტესტო აქცია შაბათს დაიწყო, რომელზეც ახალგაზრდები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ.

„გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ — არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის. მადლობა ვუთხრა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე „კლუბური აქციის" პარალელურად ნაციონალისტური დაჯგუფებების კონტრაქცია გაიმართა, რომლებიც „თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებდნენ და მათთან დაპირისპირებას ცდილობდნენ. პოლიციამ კონტრაქციის წევრებს ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა.

გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს…>>>

რუსთაველის გამზირზე აქცია გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მისვლის შემდეგ დაიშალა, რომელმაც აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ 12 მაისის მოვლენებს ერთობლივად განიხილავენ. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირები დაისჯებიან; ხოლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგებს ერთობლივად მიაღწევენ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა მთავრობას დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.