თბილისი 13 მაისი — Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმულ კარვებს შლიან, იუწყება „ინტერპრესნიუსი“.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი შაბათ ღამეს დადგეს.
თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია ამ ქმედებით არღვევს კანონს და ისინი ცდილობენ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიონ. მათი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აყვნენ.
თავისუფლების მოედანზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ახალგაზრდობამ, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა, პარასკევს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ კვირიკაშვილს განცხადების გაკეთებისთვის ვადა 22:00 საათამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კარვების გაშლა დააანონსეს.
შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“, „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ – ჩაატარა.
შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.