რუსთაველის გამზირი მოდურ ღამის კლუბად იქცა

მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა ახალგაზრდების აქცია, რომლებიც ღამის კლუბებში პოლიციის ქმედებებს აპროტესტებენ
Sputnik

თბილისი 13 მაისი — Sputnik. ახალგაზრდების აქცია თბილისში პარლამენტის წინ დროებით შეწყდა — ორგანიზატორებმა მიტინგის გაგრძელება კვირას 15:00 საათზე დააანონსეს.

მომიტინგეები ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციას ღამის კლუბებში იქ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებიდან ბევრი იმ დროს ამ დაწესებულებებში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა ნაწილი საღამოს დაიშალა, რათა ძალები აღიდგინონ, ნაწილი კი მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე დარჩა.

კახა კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს >>

Ночной молодежный митинг в центре грузинской столицы

„პარლამენტთა მანამდე დავრჩებით, სანამ ადექვატურ პასუხს არ მივიღებთ“, — განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორიაზე მთელი ღამე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობდნენ.

კვირას დილით სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვების დაშლისკენ მოუწოდეს, მაგრამ, უარის შემდეგ, კარვების აღება თავად დაიწყეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამით პოლიცია კანონს არღვევს და ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა წამოეგონ.

პირველი არხი იუწყება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავეს.

გვიან ღამემდე აქციის მონაწილეები საკლუბო მუსიკას უკრავდნენ და ცეკვავდნენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები განსაკუთრებით აღაშფოთა ერთ-ერთმა ვიდეომ, სადაც აქციის მონაწილე ერთ-ერთი გოგონა 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს. ბევრმა ეს ფაქტი 9 აპრილის მსხვერპლთა შეურაცხყოფად მიიღო.

ღამის 12:00 საათის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს მიმართეს და განაცხადეს, რომ მუსიკა უნდა გამორთონ, რათა მიმდებარე სახლების მოსახლეობა არ შეაწუხონ. გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

პროტესტის ტალღა დაიწყო სპეცოპერაციის შემდეგ თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში — „ბასიანსა“ და „გალერიში“, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. უწყების განმარტებით, მათ ნარკომოვაჭრეთა ჯგუფი და ღამის კლუბებთან მათი კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა დაკავებულიდან ერთ-ერთი „გალერის“ დაცვის წევრია.

წამზომი ჩაირთო: პრემიერს ღამის 10 საათამდე დრო მისცეს >>

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე ღამის კლუბებში იმყოფებოდა.