„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციისგან მაქსიმალურ დაცვას ითხოვს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციისგან შესაბამისი ზომები მიღებას და აქტივისტების უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 13 მაისი- Sputnik. ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრები „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს დაშლისთვის ერთ საათიან ვადას აძლევენ, ნათქვამია „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებში. 

გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მეორე დღე მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელზეც ახალგაზრდები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

დღეს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ ნეონაცისტური დაჯგუფებებიც, რომლებიც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებენ და მათთან დაპირისპირებას ცდილობენ. პოლიცია ცდილობს არ დაუშვას, რომ დაჯგუფებების წევრები მიუახლოვდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებს. 

 „ჩვენამდე მოსული ინფორმაციით, კონტრაქციის ორგანიზატორების მიერ ნაცემია ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი. კონტრაქციის მონაწილეები გვაძლევენ დაშლისთვის 1 საათს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აპირებენ გაარღვიონ პოლიციის კორდონი და დაგვშალონ. ჩვენი აქციის მონაწილეები არიან ალყაში და შეზღუდული აქვთ მათი თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციური უფლება! ასევე, ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი აქციიდან გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციისგან შესაბამისი ზომები მიღებას და აქტივისტების უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას მოითხოვს. აქტივისტების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ.  

რუსთველის გამზირზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. კინოთეატრ „რუსთაველზე“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ჭავლმტყორცნი მანქანები და სპეცრაზმი გამოჩნდა. კონტრაქციის რამდენიმე წევრი დაკავებულია.