თბილისი, 13 მაისი — Sputnik. კინოთეატრ „რუსთაველზე“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ჭავლმტყორცნი მანქანები და სპეცრაზმი გამოჩნდა.
აქციაზე ვითარება ძალიან დაიძაბა. ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრები „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეების მიმართ ღია აგრესიას გამოხატავენ. მათ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოიყენეს ბოთლები. კონტრაქციის რამდენიმე წევრი დაკავებულია.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც კონტრაქციის წევრები ტელევიზიაში დებატებზე მოიწვია.
აქამდე აქციაზე პოლიტიკოსები არ გამოსულან, რადგან ასეთი იყო შეთანხმება, განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
პროტესტის ტალღა დაიწყო სპეცოპერაციის შემდეგ თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში — „ბასიანსა“ და „გალერიში“, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. უწყების განმარტებით, მათ ნარკომოვაჭრეთა ჯგუფი და ღამის კლუბებთან მათი კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა დაკავებულიდან ერთ-ერთი „გალერის“ დაცვის წევრია.
სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე ღამის კლუბებში იმყოფებოდა.