თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, განაცხადა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.
თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.
„სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა ჩვენს შორის. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ“, — აღნიშნა წიქარიშვილმა.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის უფროსს სპეცრაზმის მხრიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“, „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ – ჩაატარა.
შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.