პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას დააკვირდება

პარლამენტის შენობის წინ თბილისში 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. პრეზიდენტის დავალებით ადმინისტრაცია ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დააკვირდება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

„რაც გუშინ ვნახეთ, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შსს ავრცელებს და ამის შესახებ საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი, სწრაფად და დეტალურად იყოს შესწავლილი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ომბუდსმენი თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ირგვლივ სიტუაციას აკვირდება

მისი თქმით, 15:00 საათზე ჩანიშნულ აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს.

ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტის წინ ჩანიშნულ აქციაზე მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შსს-მ უნდა უზრუნველყოს.

„დღეს, სამ საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრების და საპროტესტო აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობა უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა. პრეზიდენტის დავალებით ჩვენ ძალიან ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით მიმდინარე აქციას,”- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.