სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში: დაკავებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, ღამის კლუბებში და აქციაზე 60 ადამიანია დაკავებული.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. პარასკევს ღამით თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის და შემდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ „გალერიში“, „ხიდზე“, „მტკვარზე“ და „როკიტში“. კლუბებში მოულოდნელად შევარდა სპეცრაზმი, რომელმაც ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო. იქ მყოფი ყველა ადამიანი და პერსონალი გარეთ გაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, „აღნიშნულ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს“. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულთა რაოდენობის შესახებ უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს. ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს-ში დღის განმავლობაში საგანგებო ბრიფინგი იგეგმება.

სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში: ბოლო ცნობები

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, ღამის კლუბებში და აქციაზე 60 ადამიანია დაკავებული. დღეს 15:00 საათზე მოძრაობამ ახალი აქცია დააანონსა.

„საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია“, — ნათქვამია განცხადებაში.

დაუზუსტებელი მონაცემებით, დაკავებულთა ორი უცხოეთის მოქალაქეა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანი.

სტიქიური საპროტესტო აქცია რუსთაველზე - ახალგაზრდობა ქუჩებში გამოვიდა

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულთა 70 ადამიანი. დაკავებულები გადაიყვანეს როგორც თბილისის, ასევე რუსთავის, მცხეთის, მარნეულისა და საგარეჯოს წინასწარი  მოთავსების იზოლატორებში. ადვოკატები მათ მოსანახულებლად დაკავებულებთან ეტაპობრივად შედიან.

ზვიად გელბახიანის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ზვიად გელბახიანი ფიქრობს, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არის დაკავებული.

„არანაირი სამართალდარღვევა მას არ ჩაუდენია. მას ედავებიან პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას, მაგრამ ჩვენ ვიდეოკადრები ვნახეთ, რომ პირდაპირ ეცნენ და დააკავეს და არანაირ დაუმორჩილებლობას არ ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში რვა ადამიანი მოხვდა, თუმცა შსს-ს ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის შერბილების გეგმების მიუხედავად, ნარკორეალიზატორების მიმართ მთავრობის პოლიტიკა მკაცრი იქნება.