პოლიციამ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად რვა ნარკოგამსაღებელი დააკავა

პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე და სპეცოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოლიციის მიერ დაკავებულთა ასაკი 21-დან 30 წლამდე მერყეობს. 

სამინისტროს ინფორმაციით, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა, ხოლო ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტები კლუბებში ვიზიტის შემდეგ მოხდა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებებით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

„ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა“, — განაცხადეს უწყებაში.

შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

უწყების თქმით, სპეცოპერაცია დაიწყო სწორედ იმ დროს, როდესაც კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც  სიცოცხლისათვის საშიში შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა.

დიდი რაოდენობის პოლიციის ძალების მობილიზება უწყებამ ახსნა იმით, რომ საჭირო გახდა დიდი რაოდენობის ახალგაზრდების ინციდენტის ადგილიდან გარიდება და უსაფრთხოების დაცვა.

ღამის სპეცოპერაცია თბილისში: პოლიციასთან შეტაკებისა და დაკავების კადრები

სამინისტრო იუწყება, რომ სპეცოპერაციისას კლუბში მყოფ პირებს მოუწოდეს ნებაყოფლობით ჩაებარებინათ ნარკოტიკული საშუალებები, რის შემდეგ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდათ. პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის, აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.