თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სპორტესმენების ცხოვრების შესახებ ახალი ინდური სერიალის გადაღებები საქართველოში სექტემბერში დაიწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.
სიუჟეტის თანახმად, ეს იქნება ისტორია კრიკეტის სამყაროს სპორტსმენების მდიდარი ცხოვრების შესახებ. მთავარ როლს ფილმში პოპულარული ინდოელი მსახიობი ვივეკ ობეროი ასრულებს.
ქართულ-ინდური კოპროდუქცია Inside Edge-ის გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ფილმ პროდაქშენი“ განახორციელებს.
პროექტი ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. გადაღებებზე 200 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
2018 წლის 10 მაისის მონაცემებით, პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განსახილველად 15 პროექტია შემოსული. აქედან ცხრა სურათის გადაღებები უკვე დასრულებულია. დანარჩენი ექვსი ფილმის გადაღება გრძელდება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდურ კოპროდუქციას წარმოადგენს.
სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ პროექტების წყალობით საქართველოს ბიუჯეტში დაახლოებით 26 მილიონი ლარი შევა, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა 2000-ს გადააჭარბებს.
პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ითვალისწინებს თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს.