წამზომი ჩაირთო: პრემიერს ღამის 10 საათამდე დრო მისცეს

გარდა ამისა, საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik.  აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, პრემიერს ღამის 10 საათამდე დრო მისცეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.  

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქცია, რომელიც 12 მაისს ღმით დაიწყო, 15:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები პოლიციას ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ღამის კლუბების სტუმრების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. აქციაზე შეკრებილთაგან მრავალი თავად იმყოფებოდნენ კლუბებში.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავენ.

„ჩვენ ისე არ დავიშლებით. ვიწყებთ კარვების გაშლას მთელი ტერიტორიის მასშტაბით, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ჩვენ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. უმნიშვნელოვანესია, შევინარჩუნოთ სამოქალაქო კონსოლიდაცია, ერთობლივი სული, რომელიც აცოცხლებს დღეს ქვეყანას, აქ და ახლა, რუსთაველის მოედანზე ქალაქის ცენტრში. ღამის 10:00 საათამდე ველოდებით პრემიერისგან კონრეტულ პასუხს”, – განაცხდა ბექა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

საპროტესტო ტალღა თბილისის პოპულარულ ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და "გალერიში" (Cafe Gallery) ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი კაფე „გალერის“ დაცვის წევრია.

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალნენ.