ვეფხია გიორგაძე: საქართველოში უმუშევრობა გაიზრდება

ავტომობილებისა და უძრავი ქონების ლომბარდში ჩაბარების აკრძალვა ბევრ ადამიანს უმუშევარს დატოვებს, მიაჩნია ეკონომისტ ვეფხია გიორგაძეს.
Sputnik

„დიდია უძრავ-მოძრავი ქონების დაგირავების წილი ლომბარდების საქმიანობაში და მათი საქმიანობის გადაწყობა შეუძლებელი იქნება. უმეტესობა დაიხურება, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს“, — განუცხადა ეკონომისტმა „Sputnik—საქართველოს“.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ლომბარდში ავტომობილებისა და უძრავი ქონების ჩაბარება მიმდინარე წლის მაისში უნდა აიკრძალოს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% — თბილისში. ლომბარდების მიერ 2017 წელს მთლიანად გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. გასული წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.