შეძლებენ თუ არა ემიგრანტები საქართველოში პენსიის მიღებას

ირაკლი ღლონტი საპენსიო სისტემის რეფორმაში ემიგრანტების ჩართვასაც ითხოვს.
Sputnik

საპენსიო რეფორმაზე მუშაობისას მთავრობამ იმ 1 700 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს, რომლებიც უცხოეთში ლეგალურად ან არალეგალურად იმყოფებიან, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დიასპორისა და ემიგრაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა.

„ეს ადამიანები ათწლეულების მანძილზე ყოველთვიურად აგზავნიან რუტინული და უმძიმესი შრომით გამომუშავებულ ფულს საქართველოში და იქიდან ინახავენ ოჯახებს. დისკრიმინაცია იქნება, თუ ისინი განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.

მაგალითისთვის, 2018 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 131.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.0 პროცენტით მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

პარლამენტარების უარი და მთავრობის ოპტიმიზმი... რა ბედი ეწევა პენსიას?

ირაკლი ღლონტის თქმით, უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების ამ მოცულობის ფონზე მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან არაფერი ეკუთვნით, რადგან მათი გამოგზავნილი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების სახით არ შედის.

ირაკლი ღლონტის შეფასებით, რომ არა ემიგრანტები, ქართული სახელმწიფო გაცილებით უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.

„ნებისმიერი რეფორმის დროს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ოჯახებიდან პრაქტიკულად უვადოდ გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების შეუფასებელი ღვაწლი სახელმწიფოს და ჩვენი ოჯახების წინაშე“, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.

დიასპორისა და ემიგრაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს სახალხო დამცველს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზუსტ რაოდენობას, ირაკლი ღლონტის თქმით 1 700 ათასი – ეს მხოლოდ ვარაუდია და მათი რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაიწუნა და მთავრობას შენიშვნებით უკან დაუბრუნა.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ყველა დასაქმებული, ვინც 2018 წლის 1 სექტემბრამდე 40 წლამდე ასაკის იქნება, ვალდებული იქნება დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილე გახდეს.

სწორედ 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს დაგროვებითი პენსიის სქემა, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს. ამ სქემის თანახმად, დასაქმებულმა, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ 2-2% საპენსიო ფონდში უნდა გადარიცხონ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ხელფასი აქვს 1000 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი 20% (200 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის და ხელზე რჩება 800 ლარი, დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობისას კიდევ 20 ლარი დააკლდება. დამსაქმებელიც ვალდებულია დაქირავებულ თანამშრომელს ყოველთვე ხელფასის 2% ჩაურიცხოს. სახელმწიფო, თავის მხრივ, გაიღებს 2%-ს და, შედეგად, 1000 ლარი ხელფასის მქონე ადამიანის საპენსიო ფონდში ყოველთვიურად 60 ლარი ჩაირიცხება.

საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

40 წლის და მეტი ასაკის ადამიანი არ იქნება ვალდებული დაგროვებით პენსიას შეუერთდეს, თუმცა, თუ მოისურვებს, შეუძლია მონაწილეობა. დამსაქმებელი ვალდებული იქნება მასაც გადაურიცხოს ხელფასის 2% და, თავის მხრივ, სახელმწიფოც ჩაურიცხავს 2%-ს.

ვინც არ მუშაობს, მაგრამ აქვს შემოსავალი (ე.წ. თვითდასაქმებული), ასევე შეუძლია ნებაყოფლობით გახდეს დაგროვებითი პენსიის მონაწილე. მისთვის დაგროვების სქემა იქნება 4%+2%, სადაც საკუთარი შემოსავლის 4%-ს თავად გადაიხდის, ხოლო 2%-ს სახელმწიფო დაუმატებს.

დაგროვებით პენსიაში მონაწილეთა საპენსიო ფონდში სახელმწიფო გადარიცხავს დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს, ოღონდ ეს ეხება იმ დასაქმებულებს, ვისი წლიური შემოსავალიც 24 000 ლარს არ აღემატება. ხოლო იმათთვის, ვისაც წელიწადში შემოსავალი 24 000-დან 60 000 ლარამდე აქვს, სახელმწიფო მათი შემოსავლის 1%-ს ჩარიცხავს. 60 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს დაგროვებითი პენსიის სქემა არ ეხება.

 

ნატო პატარაია