თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებები ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესწავლას შეუდგნენ, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შესაბამის დეკლარაციას თბილისში ხელი უკვე მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მომგებიანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ასევე მიმზიდველი ბიზნეს-გარემო და საინვესტიციო კლიმატი.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისრაელთან დაახლოება, მათ შორის ეკონომიკური. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი საქართველოს პირველად ეწვია. კოენმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა საქონელბრუნვის არსებით გაზრდაზე უნდა იმუშაონ.
„არის ბევრი კარგი სიახლე, და არის რაღაცები, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს. კარგი ამბავია ის, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენი საქონელბრუნვა 40%-ით გაიზარდა, თუმცა ის
მხოლოდ 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ (ქუმსიშვილთან ერთად) დავისახეთ მიზანი, არსებითად გავზარდოთ საქონელბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის", — განაცხადა კოენმა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს აქვთ მუდმივი პოლიტიკური დიალოგი, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.