რა კავშირია ინტერპოლსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ პირს შორის

ბრალდებული დაზარალებულს დაპირდა, რომ მიწის ნაკვეთების შესყიდვაში მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაეხმარებოდნენ
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაღლითური სქემა: კაფე-რესტორნებს თამბაქოს მოწევის ლიცენზიას 15 ათას ლარად სთავაზობენ

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს ის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის — ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო. შედეგად, მოქალაქე მას ენდო და ბრალდებულს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დახმარებისთვის 5 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ამასთან, იგი დაზარალებულს დაპირდა, რომ შესყიდვაში მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაეხმარებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით („თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.