საქართველომ ავღანეთში როტაცია განახორციელა: მე-11 ბატალიონი 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი სამოქმედო არეალს უახლოეს მომავალში სრულად გადაიბარებს
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონიავღანეთში სრული შემადგენლობით გუშინ, ღამით ჩავიდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ადუაშვილი დახვდნენ.

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ეკლესია ააშენეს

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

„დასრულდა მე-11 ბატალიონის გეგმიური როტაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. აღნიშნული ბატალიონი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 31-ე ბატალიონს, ვუსურვებ წარმატებას და ღმერთი ფარავდეთ მათ", — განაცხადა არჩილ ომიაძემ.

ბაგრამის საავიციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.