თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელი და ესპანური „ბასკონიის“ კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის ამჟამინდელი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, შენგელიამ „ბასკონიის“ შემადგენლობაში თავის კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა. სწორედ ქართველი თავდამსხმელის შესანიშნავმა თამაშმა მისცა კლუბს ევროლიგის ¼ ფინალში გასვლის შესაძლებლობა.
შენგელია თამაშში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა, რაც ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია კალათბურთელის ამპლუისთვის – მძიმე ფორვარდი. შენგელიამ ასევე დაამყარა პირადი რეკორდი პარკეტზე გატარებული დროის მხრივ – 25:29, ჩაგდებული ორქულიანი ტყორცნები – 61,4% და შედეგიანი გადაცემები – 2.2.
ევროლიგის ტურნირზე ქართველი სპორტსმენი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ აღიარეს. ასევე, შენგელია ყველაზე ფასეულ მოთამაშედ დაასახელეს მარტში. ამ თვეში „ბასკონიამ“ ექვსჯერ გაიმარჯვა, არ წაუგია არც ერთი შეხვედრა. ასეთი შედეგისთვის ევროლიგის ისტორიაში არც ერთ გუნდს არ მიუღწევია.
Twitter–ის თავის ოფიციალურ გვერდზე შენგელიამ ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მონაწილეობდა მის სიმბოლურ ნაკრებში არჩევაში. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს გუნდში, მწვრთნელთა შტაბს და ყველა ადამიანს, რომლებსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ რომლებიც ყოველდღე გვეხმარებიან, რომ უკეთესი გავხდეთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. მადლობა ევროლიგას და მადლობა „ბასკონიას“ და რაც მთავარია – მადლობა უფალს, რომ ამ პოზიციაზე ვარ“, – დაწერა შენგელიამ.
I want to thank my teammates, coaching stuff and all the guys u dont see but are helping us every day to make us better.Big thank you to every person who voted for me.Thank you @EuroLeague and thank you @Baskonia!Most importantly thanks to God to put me in this position!#GeoSoul
ევროლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში „ბასკონია“ ¼ ფინალამდე მივიდა, სადაც ტურნირის გამარჯვებულ სტამბულის „ფენერბახჩესთან“ დამარცხდა.
შენგელიასთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: ნიკ კალატესი („პანათინაიკოსი“, ათენი), ნანდო დე კოლო (ცსკა, მოსკოვი), ლუკა დონჩიჩი („რეალი“, მადრიდი) და იან ვესელი („ფენერბახჩე“, სტამბული).