თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისს ფულადი ჯილდო გადაეცათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან ომის ვეტერანებმა 600 ლარი მიიღეს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს კი დამატებით 300 ლარი გადაეცათ.
გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ რაიონში მცხოვრებ ათ ვეტერანს ფულადი ჯილდო – 400 ლარი და 900 ლარის ღირებულების ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ფულადი ჯილდო მიიღეს რუსთაველმა ვეტერანებმაც. რუსთავში დღეისათვის მეორე მსოფლიო ომის 13 ვეტერანი და 47 ე.წ „ოცდაექვსიანელი“ ცხოვრობს. რუსთავის მერიისგან სადღესასწაულო ფულადი ჯილდო, ომის მონაწილეებს —150 ლარის, მათთან გათანაბრებულ პირებს კი 80 ლარის ოდენობით პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ.
ფულადი ჯილდო გაიცა გორშიც. ომის მონაწილეებს ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით გადაეცათ. გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 12 ომის ვეტერანი ცხოვრობს.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება>>>
ფულადი ჯილდო გადაეცათ სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებსაც.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.