„ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ“ – პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გამარჯვების დღეს საქართველო პატივს მიაგებს ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის
Sputnik

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავი მიულოცა და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო, აღნიშნულია პრემიერის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ომის ვეტერანები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მოქალაქეები, ტრადიციულად, დილიდან ვაკის პარკში იკრიბებიან, იქვე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით ამკობენ. ქვეყანაში 9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღეა.

„მინდა, ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით — ვეტერანებს. ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ გულში უნდა ჩავიხუტოთ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, 300 ათასზე მეტი ადამიანი შინ აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის — უცნობი. ასე, რომ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მშვიდობა და სტაბილური განვითარება უსურვა.

„ამ უდიდეს დღეს ვულოცავ პირველ რიგში ომის ვეტერანებს და ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს, ვინც ამქვეყნად აღარ არის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ, რასაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

კალაძე: საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა

გამარჯვების დღე ვეტერანებს უკვე მიულოცეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 224 თბილისში, ხოლო 452 — რაიონებში.

მეორე მსოფლიო ომი1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.