სელენა გომესი მეჯლისზე ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა

Met Gala-ს მეჯლისს მოდის ინდუსტრიის „ოსკარს“ უწოდებენ
Sputnik

თბილისი, 9 мая — Sputnik. ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მოვლენაზე — მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმის ინსტიტუტის ყოველწლიურ მეჯლისზე (Met Gala) ნიუ-იორკში ქართველი დიზაინერის, თეა ოთარაშვილის სამოსით გამოჩნდა.

ღონისძიებას, რომელიც 1995 წლიდან მაისის პირველ ორშაბათს იმართება, მოდის ინდუსტრიის „ოსკარს“ უწოდებენ. მეჯლისის დრეს-კოდი ყოველ წელს განისაზღვრება გამოფენის თემით, წელს თემა იყო მოდისა და რელიგიის ურთიერთქმედება — „ღვთაებრივი სხეულები: მოდა და კათოლიკური წარმოსახვა“. სელენა გომესმა არჩევანი შეაჩერა გრძელ, ნახევრად გამჭვირვალე, შლეიფიან, ბეჟისფერ კაბაზე, რომელიც ქვებით იყო მორთული.

 

თეა ოთარაშვილი — ცნობილი დიზაინერის, ამერიკული ბრენდ Coach-ის კრეატიული დირექტორის, სტიუარტ ვევერსის გუნდის წევრია. სელენა გომესის კაბაზე ქართველი დიზაინერი ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა.

„კაბა მთლიანად არის ხელით ნამუშევარი. მას უძვირფასესი ქსოვილი, მაქმანები და თვლები ამშვენებს. გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი“, — წერს ოთარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 ქართველი დიზაინერი ასევე გამოტყდა, რომ მას პატივი ერგო ენახა ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი სტილისტები და ფოტოგრაფები.

„ეს ყველაფერი სრულიად თავბრუდამხვევია, ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი. თანაც ეს ყველაფერი დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს. გპირდებით ეს ყველაფერი დასაწყისია, მხოლოდ ერთი წლის New York-ული ცხოვრების შედეგი“, — აღიარა ოთარაშვილმა.

ქართველი დიზაინერები მსოფლიო დონის ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სამოსით არაერთხელ გაიბრწყინეს ლედი გაგამ, კეტი პერიმ, ბელა და ჯიჯი ჰადიდმა, კიმ და კენდალ კარდაშიანმა და სხვა ცნობილმა ვარსკვლავებმა.

ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის >>>