სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების დალაგებისთვის მზად არის

სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა განაცხადა, რომ მზად არის თურქეთთან ურთიერთობები მოაგვაროს
Sputnik

თბილისი, 9 მაისი— Sputnik. ოფიციალური ერევანი მზად არის დაალაგოს ურთიერთობები ანკარასთან წინასწარი პირობების გარეშე, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

რა კავშირია ივანიშვილის დაბრუნებასა და სომხეთის რევოლუციას შორის >>

„როგორც თქვენთვის ცნობილია, აქ წინაპირობები თურქეთმა წამოაყენა. და ეს პირობები არალოგიკურია. არალოგიკურია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში წინაპირობას მესამე ქვეყანასთან ურთიერთობა წარმოადგენდეს. ჩვენ ამ აზრზე ვრჩებით და ისევ მზად ვართ ურთიერთობები წინაპირობების გარეშე დავამყაროთ“, — განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს სტეფანაკერტში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესისადმი ერთგული რჩება.

სომხურ-თურქულ ურთიერთობებს ეს პროცესი არ უკავშირდება: მის მიზანს ადამიანთა მასობრივ განადგურებასთან და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებთან ბრძოლაში წვლილის შეტანა წარმოადგენს, აღნიშნა მან.