ლევან იზორიამ ნატოს ფინანსური კონტრიბუციის დოკუმენტს მოაწერა ხელი

შეთანხმებით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრს მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცემა.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის ნატომ თავდაცვის სფეროს განვითარებისთვის ფინანსური კონტრიბუცია გაიღებს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა.
შეთანხმებით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრს მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცემა.
ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება.

„მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ნატოს მიმართ, რომელმაც გაიღო ფინანსური კონტრიბუცია. ჩვენი თანამშრომლობა შეიძლება შეფასდეს ძალიან დადებითად. ჩვენი სტუმარი აქტიურად არის ჩართული საქართველოს მხარდაჭერის საქმეში“, — განაცხადა იზორიამ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ჯონათან პერიშმა, ნატოს სახელით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. იურიდიული დოკუმენტის გაფორმებით დავასრულეთ, რომლის საფუძველზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს, რაც საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“ — აღნიშნა ჯონათან პერიშმა.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.