თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველო 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 მაისი ისტორიული თარიღია. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება.
ბრაზილიის ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი. მარკას წარწერაც აქვს: „საქართველო — ღვინის აკვანი" და „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე".
აღნიშნული მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიურენოვან სამყაროშიც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემის პროცესში საქართველოს საელჩოც მონაწილეობდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრაზილიაში ასევე მოეწყობა ქართული კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და მოეწყობა ქართული კულინარიის მასტერკლასები.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100–ზე მეტი კულტურული ღონისძიება გაიმართება.