სერგეენკო: არანაირი მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის

სერგეენკოს განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი ნარკოტიკების მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ არ გავაცნობიერებთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ახალი თაობის კლუბურ ნარკოტიკს — „მეფედრონს", იმავე „აბაზანის მარილს" უკავშირებენ.

სერგეენკოს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

„მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი – მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა", – აღნიშნა მინისტრმა.

გახარია: ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ახალი თაობის ნარკოტიკი „მეფედრონი" ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. „მეფედრონით" თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშილი.

„მეფედრონს", ანუ „აბაზანის მარილს" ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

ნარკოლოგების ინფორმაციით, „მეფედრონი" დამოკიდებულებას იწვევს და კლინიკებში მიმართვიანობაც ყოველდღიურად იზრდება. პაციენტების უმეტესობა არასრულწლოვანია.