„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში დაასახელებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი და იგი იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, ქვეყნის მეთაურის არჩევა არა ხუთი, არამედ ექვსი წლით მოხდება.

„პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისში დასახელდება", — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დაიჭერენ თუ არა გიორგი მარგველაშვილს

თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუნდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.

„პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერშია, მანამდე კანდიდატის დასახელება ნაადრევია. გუნდში მიმდინარეობს განხილვა, კანდიდატის შერჩევა. ჩვენ კანდიდატს არჩევნებამდე 1,5-2 თვით ადრე დავასახელებთ", — განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს>>>

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება. მიიღებს თუ არა მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში განაცხადა. 2017 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა — „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას გეგმავენ ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძეც.

გარდა ამისა, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად ოპოზიციური პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.