თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიდერად მიიჩნევს, ასეთია პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
რუსეთის პრეზიდენტი ყველაზე ძლიერ ლიდერად დაასახელეს საფრანგეთისა და გერმანიის მოსახლეობის 34–34%-მა, იტალიის მოსახლეობის 38%-მა, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 26%-მა და აშშ-ის მოსახლეობის 23%-მა.
ფრანგებს, გერმანელებს და იტალიელებს პუტინი მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად მიაჩნიათ>>>
რეიტინგში მეორე ადგილზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღმოჩნდა. იგი ყველაზე ძლიერ ლიდერად მიაჩნიათ გამოკითხვაში მონაწილე ფრანგების 27%-ს, გერმანელების 27%-ს, იტალიელების 29%-ს, ბრიტანელების 33%-ს და ამერიკელების 43%-ს.
ლიდერთა სამეულს ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი ასრულებს — გამოკითხული ფრანგების 17%, გერმანელების 19%, იტალიელებისა და ბრიტანელების 13-13%, და ამერიკელების 9% მას მსოფლიო ლიდერებში პირველ ნომრად ასახელებს.
მეოთხე ადგილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიკავა. იგი მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად დაასახელეს ფრანგების 9%-მა, გერმანელების 12%-მა, იტალიელების — 13%-მა, ბრიტანელების 9%-მა და ამერიკელების 4%-მა.
მეხუთე ადგილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ერგო, რომელიც ყველაზე ძლიერ ლიდერად დაასახელეს გამოკითხვაში მონაწილე ფრანგების, გერმანელებისა და იტალიელების თითო-თითო პროცენტმა, ბრიტანელების 7%-მა და ამერიკელების 5%-მა.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლიდერების ჩამონათვალში მოხვდა ემანუელ მაკრონიც. მას მხარი დაუჭირეს ფრანგების 5%-მა, გერმანელების, იტალიელებისა და ბრიტანელების თით-თითო პროცენტმა და ამერიკელების 2%-მა.
გარდა ამისა, ჩამონათვალში წარმოდგენილი იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ირანის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი.
მოსაზრება საქართველოდან
ქართველი ექსპერტი, პოლიტოლოგიის დოქტორი ვახტანგ მაისაია ვლადიმირ პუტინის მაღალ რეიტინგს დასაშვებსა და პროგნოზირებადს უწოდებს.
„ეს ნათელი ფაქტია. ბოლო დროს რუსეთი, პრაქტიკულად, გლობალური ცენტრის მეთაური გახდა აშშ-თან, ჩინეთსა და ევროკავშირთან ერთად", — განუცხადა მაისაიამ „Sputnik–საქართველოს".
მისი სიტყვებით, რუსეთის უკეთესობისკენ ტრანსფორმაციის შემდეგ პუტინის ლიდერობა უდავოა და ამას ევროპაშიც აღიარებენ.