ქართველ მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაეხსნებათ

საქართველოს განათლების მინისტრი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) პრეზიდენტს შეხვდა
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) წევრი ქვეყანა გახდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მეცნიერები და მკვლევარები ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტებში. ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა და მომავალ ურთიერთობებზე საუბარი წარიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეხვედრაზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) პრეზიდენტთან, სიერდ კლოტინგთან და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან.

როგორ შეიცვლება დაფინანსების სისტემა საქართველოს უნივერსიტეტებში

სიერდ კლოტინგის განცხადებით, ასოციაციის უმთავრეს მიზანს ევროპელი მკვლევარებისთვის საერთაშორისო კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, ევროპული ასოციაცია მზადაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქართველ მეცნიერებს გზა გაუხსნას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ასევე, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სიერდ კლოტინგმა ევროპული ასოციაციის წევრებთან ერთად, COST-ის აქციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ, COST-ის აქციებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.