თბილისში ორი პირი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილის ვერსია
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, ორი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორი შეტყობინება შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პირველი შეტყობინების თანახმად, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ.

გახარია: ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი

პოლიციამ ასევე მიიღო მეორე შეტყობინება — მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი“, – განაცხადეს შსს-ში.

ტრაგედია კლუბში: გახდა თუ არა მეფედრონი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

ორი ახალგაზრდის ძილში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ დღეს გაავრცელა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ნარკოტიკული საშუალებები საგანგებოდ არის დაბინძურებული გაურკვეველი მომწამლავი ნივთიერებებით, იუწყება ტელეკომპანია RUSTAVI 2.