სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ 5 მილიონი ლარი გამოიყოფა

უამინდობის შედეგები აღმოიფხვრება გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2017-2018 წელს სხვადასხვა რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონ ლარს გამოყოფს, განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეს თანხა ოზურგეთის, ლანჩხუთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის რაიონებზე გადანაწილდება.

„ამ თანხებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები რეაბილიტირდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე და ასევე, საავტომობილო და საფეხმავლო ბოგირებზე, ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მაგალითად, აპრილის დასაწყისში ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს ოზურგეთის რაიონში; უფროი ადრე ოლანჩხუთში ქარმა სახურავების გარეშე 40 სახლი დატოვა; 2017 წლის ოქტომბერში კოკისპირულმა წვიმამ ქუთაისელები დააზარალა და ა. შ.