კობახიძე VS მარგველაშვილი: დაიწყებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის სამართლებრივ დევნას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრების შეწყალების საქმეში მარგველაშვილს შესაძლოა პირდაპირი ინტერესი ჰქონდეს.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik.  „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, კიდევ ერთი პრეზიდენტის, ამჯერად გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრების შეწყალების საქმეში მარგველაშვილს შესაძლოა პირდაპირი ინტერესი ჰქონდეს. 

„მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა ასეთი რამ: პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთი საფუძველი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია — თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ, და მესამე — სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, — თქვა კობახიძემ. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებმაც აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან მოისმინეს, ჯერჯერობით კატეგორიულად არ ითხოვენ გამოძიების დაწყებას, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ განცხადებას ეთანხმებიან. 

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე და თეა წულუკიანი ღიად აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.  

ოპოზიციას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის კორუფციაში დადანაშაულება, სულ ცოტა, უხერხულია.

პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობამ პრეზიდენტი მარგველაშვილი გადაჭარბებულ ხარჯებშიც დაადანაშაულა და საზღვარგარეთ გამართული ვიზიტებისა და სასტუმროებში დახარჯული თანხები დაუთვალა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრალდებებს შავ პიარს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება გაიმართა, მისი დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანო დატოვა. მარგველაშვილი დებატების ფორმატის ცვლილებას ითხოვდა, რაც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.