დაპირისპირებამ ფეხბურთის მატჩზე არეულობა გამოიწვია - შსს-მ საქმე აღძრა

არეულობის დაწყებას მსაჯის გადაწყვეტილება უძღოდა წინ, რომელმაც „დილის" მოთამაშე ლუკა კილაძე მოედნიდან გააძევა
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩის შემდეგ გულშემატკივრის მიერ მოწყობილ არეულობასთან დაკავშირებით, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გორში ოთხშაბათს ადგილობრივ „დილასა" და თბილისის „დინამოს" შორის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა.

მატჩის მთავარმა მსაჯმა 75-ე წუთზე დარღვევისთვის მოედნიდან გააძევა „დილის" მოთამაშე ლუკა რაზმაძე. ამან კლუბის ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, თამაში გაგრძელდა და დამთავრდა ანგარიშით 1:1.

ფეხბურთელებმა ურთიერთობების გამორკვევა ფინალური სასტვენის შემდეგ გადაწყვიტეს. „დინამოს" მეკარე დემეტრე ბულისკირია „დილის" თავდამსხმელ მიკოლე კოვტალუკთან მიიჭრა, დაიწყო შეხლა-შემოხლა, რაშიც ყველა ფეხბურთელი ჩაერთო. მსაჯებმა სპორტსმენების დაშოშმინება შეძლეს, თუმცა მინდორზე განვითარებული მღელვარება ტრიბუნებს გადაედო.

ორივე გუნდის გულშემატკივარმა ერთმანეთს სავარძლები დაუშინა; დაპირისპირება სტადიონის მიღმაც გაგრძელდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და სიტუაცია გაანეიტრალეს. მოგვიანებით არეულობის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება", რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე, ან შიდაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.