თუშეთში ციხე-სოფლებს აღადგენენ

ციხე-სოფლებში ჯერ კვლევები ჩატარდება, შემდეგ კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თუშეთში ათი უძველესი ციხე-სოფლის აღდგენისთვის კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად 400 ათასი ლარი გამოიყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კვლევითი სამუშაოები ჩატარდება სოფლებში: ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. პირველ ეტაპზე ყველა ძველი ძეგლის აღწერა და ინვენტარიზაცია მოხდება.

„ესენია უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 000 ლარს. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, სტუდენტები. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები. შემდგომში, ამ აღწერის საფუძველზე და, რა თქმა უნდა, თანამედროვე პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

The Guardian-მა თუშეთს სამოთხე უწოდა

პრემიერის განცხადებით, თუშეთი თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, ლანდშაფტით, თვითმყოფადობით საქართველოსთვის უდიდეს სიმდიდრეს წარმოადგენს.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.