თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ (VLTT) ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე გადაწყვეტილება დაამტკიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამიერიდან ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან („გრუზია“ — Gruzija) ერთად საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება სახელწოდება Sakartvelas.
ან ნაბიჯით ლიტვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს. ამჟამად ქვეყნის ორიგინალური დასახელება ევროკავშირის არც ერთ სახელმწიფოში არ გამოიყენება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ლიტვის მოქალაქეები აიტაცებენ ამ სიახლეს და საქართველოს ლიტველ მეგობართა წრეში უკვე არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებული გახდება. აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, თამამად შეგვიძლია ამ დღეს ვუწოდოთ საქართველო-ლიტვის მეგობრობის დღე”, – განაცხადა ლიტვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ.
ელჩის თქმით, საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს, წარწერები შეიცვლება ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ასევე საპატიო საკონსულოსა და ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში.
უფრო ადრე ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები გამოვიდნენ წინადადებით, ბალტიის ქვეყანაში დამკვიდრდეს დასახელება „საქართველო“.
გასული წლის შემოდგომაზე ლიტვის სეიმის სპიკერ ვიქტორას პრანცკეტისმა წამოაყენა წინადადება, 2018 წლისთვის საქართველოს საჩუქარი გაუკეთონ და ქვეყანა „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოდ“, ხოლო ხალხი „საქართველიანებად“ მოიხსენიონ. მაშინ მან განაცხადა, რომ „ქართველებს არ უყვართ სიტყვა „გრუზია“ და მათ „საქართველო“ ურჩევნიათ“.