როგორ შეიცვლება დაფინანსების სისტემა საქართველოს უნივერსიტეტებში

განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეიცვალოს პრინციპი, რომლის მიხედვით სახელმწიფო სტუდენტების სწავლას აფინანსებს.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2019 წლიდან აპირებს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომლის თანახმად უფასო სწავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ ფაკულტეტებზე, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამჟამად აბიტურიენტებს უფასო სწავლის შესაძლებლობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში ეძლევათ.

აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეღავათებით ისარგებლებენ

განათლების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას თქმით, საჭიროა შეიცვალოს პრინციპი, რომლის მიხედვით სახელმწიფო სტუდენტების სწავლას აფინანსებს. მან აღნიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფომ 700-მდე მომავალი ეკონომისტის სწავლა დააფინანსა.

„არ სჭირდება საქართველოს ამდენი ეკონომისტის დაფინანსება უფასო ფაკულტეტებზე, ეს რაოდენობა სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ უნდა იჯდეს, გაცილებით მნიშვნელოვანია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ბევრი სხვა მეცნიერების დაფინანსება გაზრდილი ოდენობით. დღეს არსებული მოდელი შეიცვლება, ახალი კი იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს პრიორიტეტებზე და იმაზე, რასაც სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესი მოითხოვს", — აცხადებს თეიმურაზ მურღულია.

რეგისტრაცია დასრულდა — აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები ელოდება >>

განათლების სამინისტრო აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას სექტემბერში გეგმავს. ამჟამად სამინისტრო აქტიურად მუშაობს ე.წ. უფასო ფაკულტეტების ახალ მოდელზე, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება.

2017 წელს „უფასო ფაკულტეტებზე“ 5 600 ადგილი იყო.