პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს უსმენენ

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს მიმართავს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრები იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში მისი ბოლო გამოსვლა განვლილი წლების შეჯამებას მიეძღვნება.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის რიგით მეხუთე გამოსვლას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში 18 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

„ჩემი დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში რიგით მეხუთეა და გადავწყვიტე ეს პერიოდი შევაჯამო — ბოლო წლები, როცა ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით და მე მინდა თქვენ წინაშე ამ ხუთი წლის შეჯამებით წარვდგე", — განაცხადა მარგველაშვილმა.

შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გიორგი მარგველაშვილი იქნება თუ არა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას წინ უძღოდა პრეზიდენტსა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" შორის დაპირისპირება. ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებდნენ პრეზიდენტს — ვეტოსა და შეწყალების უფლების გამოყენებისთვის.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება.