პრეზიდენტი წავიდა! – რას გადაწყვეტს ირაკლი კობახიძე

პარლამენტი და პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტის პროტესტი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ქვეყნის პირველმა პირმა მოითხოვა, რომ მას ჰქონოდა საშუალება ტრიბუნასთან მდგომი გამომსვლელებისთვის გაეცა პასუხი, რისი უფლებაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ მისცა.

„გამოცხადებულია დებატების ფორმატი და ამის შესახებ დაანონსებული იყო… სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები. ველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი“, — განაცხადა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ.

მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებისა, რომ, რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტს ოპონენტისთვის პასუხის გაცემის საშუალება სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ექნებოდა, გიორგი მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პარლამენტში დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაასრულა.