პრემიერის აღიარება: „ქართული ოცნება" ინსტიტუტად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა

„ქართული ოცნების" ლიდერები იმედოვნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს პარტიის გაძლიერებას იმგვარად, რომ ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ჩაუდგა სათავეში, ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნების" მთავარ ოფისში სამშაბათს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელიც 11 მაისის ყრილობისთვის მზადებას, ასევე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

„პოლიტსაბჭოზე მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები იქნება განხილული. ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია „ქართული ოცნება", როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

მან აღნიშნა, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე მთელი ციკლის განმავლობაში უფრო აქტიურად იმუშავებს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით. ეს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების თანახმად, საქართველო საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები 2018 წელს უკანასკნელად ჩატარდება. ამას გარდა პარლამენტის დეპუტატებს 2024 წლიდან მხოლოდ პარტიული სიებით აირჩევენ.

იმის გათვალისწინებით, რომ წელს პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევენ და არა ხუთი, 2024 წელს საქართველოში აირჩევენ პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც დააარსა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". 2012 წელს პარტია ხელისუფლებაში მოვიდა სხვა ძალებთან ერთად. ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წელს წავიდა, თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, ის დღემდე ქვეყანას კულისებიდან მართავს.