თბილისი, 1 მაისი — Sputnik. გერმანია საქართველოსთვის დაახლოებით 253 მილიონ ევროს გამოყოფს ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და კომუნალური რეფორმების გასატარებლად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შესაბამის დოკუმენტს 30 აპრილს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა. დოკუმენტი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო–ხელშეკრულებას წარმოადგენს. გერმანიამ საქართველოსთვის გამოყო 230 მილიონი ევრო კრედიტისა და 22,7 მილიონი — გრანტის სახით.
ფინანსური მხარდაჭერა განკუთვნილია ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანია საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაში, ასევე ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით უწევს. მხარეებმა განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით აღინიშნა ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტები და ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი.