თბილისი, 1 მაისი — Sputnik. წყნეთი–ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის წყალდიდობისას დაინგრა, ივნისში გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყნეთი–ბეთანიის გზის მონაკვეთი კოკისპირული წვიმის გამო ჩამოიშალა, რომელმაც მდინარე ვერე გადაკეტა. წყლის დონემ მოიმატა, მდინარე ნაპირებიდან გადავიდა, რასაც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობა მოჰყვა. წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ორი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია, დაიტბორა ზოოპარკი, ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქუჩები.
„აქ იყო მთავარი მეწყერი და აქედან წავიდა მერე მთელი პროცესი. კატასტროფის მასშტაბი არის უზარმაზარი… რამდენიმე მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ამ გზით – წალკა, გარდაბანი, თეთრიწყარო და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან დიდ წრეს აკეთებდნენ, რომ სახლში მისულიყვნენ", — განაცხადა პრემიერმა.
გზა ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება, რამაც ამ უბანზე მსგავსი ინციდენტების გამეორება უნდა გამორიცხოს.
„ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან თვითონ გზის დიზაინისა და უსაფრთხოების ელემენტების შემუშავებაში ჩართული იყვნენ ამერიკელები, ევროპელები — გერმანელები, ასევე თურქი სპეციალისტები. ასე რომ, ეს პროექტი საერთაშორისო გუნდის მიერ დამუშავდა", — აღნიშნა პრემიერმა.
წყნეთი–სამადლოსა და წყნეთი–ახალდაბის გზა რთული მონაკვეთია. ამ გზის დაპროექტებისა და აღდგენის ღირებულება 26 მილიონ ლარს ჭარბობს. გზის სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრია.
აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია Caucasus Road Project. სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო.
გზის აღდგენის სამუშაოებს განვითარების მუნიციპალური ფონდი ახორციელებს. ამ გზაზე გადაადგილება წყალდიდობის შემდეგ დღემდე შეუძლებელია.