თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა გასულ წელს 0,1%-ით გაიზარდა და, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 3 729 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2017 წელს საქართველოში დაფიქსირდა ბუნებრივი მატება — 5 471 ადამიანი. შესაბამისად, მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში გაიზარდა 0,3%-ით და შეადგინა 1 791 ათასი ადამიანი, ხოლო ქალების წილი შემცირდა 0,1%-ით და 1 938 ათასზე მეტი შეადგინა.
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცია, 52% კი ქალი. მამაკაცების საშუალო ასაკი 35 წელს, ქალების კი 40 წელს შეადგენს.
14-წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-დან 64 წლამდე) — 65,4%-ს, ხოლო 65 და ზემოთ ასაკის — 14,6%-ს.
ახალგაზრდა ასაკში მამაკაცების წილი ქალებისას ჭარბობს. ხოლო 65 და ზემოთ ასაკის შემთხვევაში – პირიქით, რაც, სპეციალისტების აზრით, გამოწვეულია იმით, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
როგორც „საქსტატის" მასალებშია აღნიშნული, 2017 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 73,5 წელს, მათ შორის მამაკაცებისთვის – 69,2 წელს, ქალებისთვის კი 77,8 წელს.
„საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 58,3% ქალაქებში ცხოვრობს. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობიდან თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.
2017 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 85,5 ათასი ადამიანი, იმიგრანტების რაოდენობა კი 83,2 ათასია. ასე რომ, მიგრაციულ სალდო უარყოფითია და 2,2 ათას ადამიანს შეადგენს.