თბილისის დანაგვიანებისთვის ერთი წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი ჯარიმა გამოიწერა

ჯარიმების თანხის საერთო რაოდენობამ 520 ათას ლარზე მეტი შეადგინა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიასთან არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის დანაგვიანებისთვის 5 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაჯარიმებულთაგან 3 ათასზე მეტი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა (71%). ამასთან, ნაგვის არასათანადო ადგილზე დაყრისთვის დაჯარიმდა 1 ათასზე მეტი უცხოელი (29%).

ჯარიმების თანხის საერთო რაოდენობამ 520 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოში ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებისთვის 252 პირი დაჯარიმდა

ჯარიმების უმეტესობა სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადაგდებისთვის გამოიწერა. თითოეულ დამრღვევს, შესაბამისად, 80-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

ინსპექტორები თბილისის ქუჩებში პირველად გასული წლის 3 აპრილს გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და მოქალაქეებს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ.

რაც შეეხება ჯარიმებს, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით; იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 1000 ლარის ოდენობით.